English / ქართული / русский /
ბესიკ ბოლქვაძე
კორპორაციული ანგარიშგების როლი ფინანსური ბენჩმარკინგის სისტემის ფორმირებასა და განვითარებაში

ანოტაცია. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ მოთხოვნას კორპორაციული მართვის (მ.შ. ფინანსური ანგარიშგების) სისტემის მოწესრიგება და შესაბამის ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიღწევა წარმოადგენს, რისთვისაც ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები. კერძოდ, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონი, შეიქმნა მარეგულირებელი ორგანო, განხორციელდა საწარმოთა კატეგორიზაცია, განისაზღვრა ანგარიშგებითი მოთხოვნები, შემუშავდა ნორმატიული აქტები და ა.შ. ნაშრომი, აღნიშნული შედეგების ანალიზის საფუძველზე, ასაბუთებს ისეთი მნიშვნელოვანი სტატისტიკურ-ანალიტიკური ინსტრუმენტის შემუშავების აუცილებლობას, როგორიცაა ფინანსური ბენჩმარკინგი.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური ანგარიშგება, აუდიტი, საწარმოთა კატეგორიზაცია, რეგულატორი, ფინანსური ბენჩმარკინგი.

შესავალი

განვითარების მიმდინარე ეტაპზე ბიზნესსუბიექტების ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკული გამოყენებისა და რეგულირების საკითხს საქართველოში აწესრიგებს 2016 წელს მიღებული კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’, რომელმაც რადიკალურად შეცვალა და სრულყო 2012 წლის კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ’’, რომლის წინამორბედ საკანონმდებლო ბაზასაც შეადგენდა კანონები _ ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ’’ (1999) და ,,აუდიტორული საქმიანობის შესახებ’’ (1995). კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ასევე მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელ ნორმებსაც, აქცენტირდება შემდეგ ძირითად ნოვატორულ მიდგომებზე: 1. ფინანსური ანგარიშგების დიფერენცირება კომპანიების ზომითი კატეგორიების მიხედვით; 2. მმართველობითი ანგარიშგების სისტემის შემოღება; 3. აუდიტის ხარისხის კონტროლის გაძლიერება; 4. ანგარიშგების სისტემის გამჭვირვალობა; 5. ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან მისადაგებულობა.

……

ამთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენის აუცილებლობის, საჯაროობისა და აუდიტირების მიხედვით, კომპანიები კლასიფიცირდება ოთხ ძირითად კატეგორიად და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებად (სდპ). საზოგადოებრივი დაინტერესების პირი წარმოადგენს ისეთ იურიდიულ პირს, რომლის მიმართაც შედარებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მათი კაპიტალის ფორმირების ბუნებიდან გამომდინარე. მათ განეკუთვნება: საფონდო ბირჟაზე კოტირებადი ფასიანი ქაღალდების მქონე კომპანიები, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მქონე კომპანიები და მთავრობის მიერ სპეციალური დადგენილებით განსაზღვრული პირები. კომპანიათა ფინანსური ანგარიშგებების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს ბუღალტრულიააღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური [5].  

აღსანიშნავია, რომ კომპანიების კლასიფიცირებას ზომითი კატეგორიების მიხედვით საფუძვლად უდევს სამი კრიტერიუმი: 1. აქტივების ჯამური ღირებულება; 2. შემოსავლების მაჩვენებელი და 3.  დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა [1, მუხლი 2]. წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი სტანდარტები იყოფა 4 ძირითად ჯგუფად: 1. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); 2. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (IFRS for SME’s); 3.  ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, დადგენილი IV კატეგორიის საწარმოებისათვის; 4. ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, დადგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, სხვადასხვა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულია სხვადასხვაგვარად აწარმოოს ფინანსური ანგარიშგება, სახელდობრ: საზოგადოებრივი დაინტერესების პირები და I კატეგორიის კომპანიები ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებას ახდენენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. II და III კატეგორიის კომპანიები ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (თუმცა უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები). IV კატეგორიის კომპანიები და არასამეწარმეო იურიდიული პირები კი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ და წარადგენენ შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

რაც შეეხება კომპანიათა ფინანსური ანგარიშგებისა და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და წარდგენის აუცილებლობას, იგი სავალდებულოა მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირებისა და I და II კატეგორიის კომპანიებისათვის (მ.შ. შვილობილი საწარმოებისათვის), ხოლო III და IV კატეგორიის კომპანიები და არასამეწარმეო პირები გათავისუფლებულნი არიან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ვალდებულებისაგან [1, მუხლი 6]. ანალოგიური მიდგომით, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, მმართველობითი ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ვალდებულება აქვთ მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირებსა და I და II კატეგორიის კომპანიებს. მმართველობითი ანგარიშგება მოიცავს სამ ძირითად ნაწილს: ა) საქმიანობის მიმოხილვა; ბ) კორპორაციული მართვის ანგარიშგება; გ) არაფინანსური ანგარიშგება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება, მმართველობითი ანგარიშგება მიაწოდონ არა მარტო ზედამხედველობის სამსახურს, არამედ ასევე შემმოწმებელ აუდიტორულ კომპანიასაც.

გარდა ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებისა, ცალკეული კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას ან ცალკეული ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ვალდებულნი არიან მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება. შესაბამისად, მსგავსი ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტი ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სახელმწიფოს ფინანსური (მ.შ. კონსოლიდირებული) ანგარიშგება, მმართველობითი ანგარიშგება და გადახდების შესახებ ანგარიშგება და, შესაბამის შემთხვევებში, აუდიტორული დასკვნა ერთიანი ანგარიშგების პაკეტის სახით, რომელიც გამჭვირვალობის მიზნით ექვემდებარება სათანადო წესით საჯარო გამოქვეყნებას შესაბამისი სამსახურის მიერ.

ამდენად, ბიზნესსუბიექტების მიერ ანგარიშგებათა წარდგენამ სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოსათვის, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ საჯარო განთავსებამ უნდა უზრუნველყოს საშუალოვადიან პერიოდში: 1. ფინანსურ ანგარიშგებათა საიმედოობის ხარისხის ამაღლება; 2. მმართველობით ანგარიშგებათა მომზადების კონტექსტში – კომპანიების კორპორაციული მართვის ელემენტების დანერგვა; 3. ბიზნესსუბიექტების ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტული სრულყოფა; 4. ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის დონის ზრდა; 5. კაპიტალისა და საკრედიტო ბაზრების განვითარების ხელშეწყობა; 6. კორპორაციული ,,ანგარიშვალდებულებითი’’ კულტურის დონის ამაღლება.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოსალოდნელი პოზიტიური მომენტები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სახელმწიფო-ბიზნესსექტორის ანგარიშგებითი ურთიერთობის სრულყოფის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ  საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია მოხდეს სახელმწიფოს (რეგულატორის) მხრიდან ბიზნესსექტორიდან აკუმულირებულ ფინანსურ ანგარიშგებათა ინფორმაციის სისტემატიზაცია, დაჯგუფება და საშუალო ანალიტიკური მაჩვენებლების (ლიკვიდობის, რენტაბელობის, ფინანსური მდგრადობის, საქმიანი აქტიურობის და სხვ.) გაანგარიშება ბიზნესის ცალკეული სექტორების, ქვესექტორების და საქმიანობის სახეობების ჭრილში, რაც შექმნის თავისებური ფინანსური ბენჩმარკინგის მექანიზმს, რითაც ბიზნესსუბიექტებს ექნებათ საშუალება, თავიანთი ეკონომიკური საქმიანობის პროცესში სისტემატიურად განახორციელონ საკუთარი ფინანსური მახასიათებლების რელატიური შედარება-ანალიზი მოცემული სექტორის კომპანიებთან, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის ფინანსური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაციის მიღება. მსგავსი ბენჩმარკინგული ფინანსური მექანიზმები წარმატებით გამოიყენება განვითარებული ბაზრების პირობებში [Gitman L.J., Hennessey S.M. 2005. გვ. 87; Fridson M., Alvarez F. 2011. გვ. 229-230]. საქართველოს ეკონომიკურ რეალობაში კი მსგავსი საშუალო სექტორული მიკროფინანსური მაჩვენებლები პრაქტიკულად არ იანგარიშება. მიგვაჩნია, რომ ფინანსური (და მმართველობითი) ანგარიშგებების კონსოლიდაცია-კონცენტრაცია და კანონმდებლობის დონეზე გამჭვირვალობის დონის ამაღლება პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მსგავსი ანალიტიკური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც გაზრდის ფინანსური ინფორმაციის, როგორც ანალიზისათვის საჭირო რესურსის, ხელმისაწვდომობას როგორც შიდაფინანსური კორპორაციული გადაწყვეტილებების ეფექტიანობის ამაღლების, ისე კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. საქმე ისაა, რომ მსგავსი ანალიტიკური საინფორმაციო ნაკადების არარსებობა გარკვეულწილად ქმნის საინფორმაციო ასიმეტრიის წინაპირობას, რასაც ემატება საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში ფინანსური ასიმეტრიაც, ანუ საბანკო სექტორის საპირწონედ კაპიტალის ბაზრის არასაკმარისი განვითარება. ამდენად, ფინანსური ბენჩმარკინგის მექანიზმის დანერგვა-განვითარება, თავის მხრივ, დაეხმარება ბიზნესსექტორის რეალურ სეგმენტს, კაპიტალის ბაზრის სუბიექტებს და სახელმწიფოს რელევანტური გადაწყვეტილებების მიღებაში. 

დასკვნა

ამრიგად, ,,ანგარიშგებითი კულტურის’’ დონის ამაღლება, რაც კომპანიათა მიერ მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ფინანსურ და კორპორაციულ ანგარიშგებათა აუცილებელ წარდგენაში და ბიზნესსექტორის ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაში გამოიხატება, ჩვენი აზრით, უნდა აისახოს ფინანსური ბენჩმარკინგის სისტემის (ბიზნესის  საშუალო სექტორული ფინანსური ინდექსების) ფორმირებაში, რაც შეიძენს ღირებულ სტატისტიკურ მნიშვნელობას და იქნება გამოყენებადი არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტების ფინანსურ ანალიტიკაში, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’.

2. Gitman L.J., Hennessey S.M. 2005. Principles of Corporate Finance. Toronto, “Addison Wesly”.

3. Greuning H.V. 2009. International Financial Reporting Standards (IFRS). A Practical Guide.   Fifth Edition. Danvers, “Copyright Clearance Center”.

4. Fridson M., Alvarez F. 2011. Financial Statement Analysis. Fourth Edition. New York, “Wiley”.

5.  www.saras.gov.ge